კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას - არჩევნები უსაფრთხოა! ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქტიურობისკენ და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სრულიად უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ, ასევე, აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი,“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიღო და საღამოს 8 საათზე დაიკეტება.