გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თვითიზოლაციასა და კოვიდკლინიკებში მყოფი მოქალაქეები არჩევნებზე გადასატანი ყუთის მომსახურებით ისარგებლებენ. როგორც GMnews-სთან საუბრისას გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მალხაზ მირუაშვილმა აღნიშნა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი სპეციალური უბანი მოქმედებს, რომლებიც სწორედ კოვიდინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება.
„გორის 107-ე და 108-ე უბნები კოვიდინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მოემსახურება. ერთი გახლავთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განთავსებული, თუმცა, ამ საარჩევნო უბნის შემადგენლობა, ამომრჩეველს ოთხ ლოკაციაზე, გადასატანი ყუთით მოემსახურება - თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედის“ კოვიდკლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, ორი საარჩევნო ყუთი კი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადანაწილდება. რაც შეეხება 108-ე სპეც.უბანს, ეს გახლავთ კარალეთის საარჩვენო უბანი და მისი წევრებიც სწორედ კარალეთის და ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურებიან“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას მალხაზ მირუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის ვადა 27 ოქტომბერს ამოეწურათ.