საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 59 შიდა ქართლში დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 59 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
„საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით მონაცემები ასე ნაწილდება: თბილისი - 683 შემთხვევა, აჭარა - 381, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 117, შიდა ქართლი - 59, გურია - 18, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც, 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. საავადმყოფოში მკურნალობას გადის 4 200 პირი, მათ შორის, მძიმე პაციენტია 490, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, 10 618 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში კი, მოთავსებულია 3 070 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი.