მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე.
გიორგი გახარიას განცხადებით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ეხება წყლისა და დასუფთავების გადასახადებსაც.
„ჩვენ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ. ეს ტალღა მოიცავს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას და ის პირველი ნოემბრიდან იწყება. ეს გახლავთ კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე, 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოქალაქეებს მხარში დაუდგეს“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.