საზოგადოება
28.10.2020 12:59
გადასატანი ყუთით სარგებლობის მსურველი ამომრჩევლების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

იმ ამომრჩევლებისთვის, ვისაც გადატანი ყუთით სარგებლობა სურს, რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. გადასატანი ყუთის მომსახურებით მომრჩეველი იმ შემთხვევაში სარგებლობს, თუ პირს არ შეუძლია არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში გამოცხადება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პირი გადასატანი ყუთით სარგებლობის თხოვნით მიმართვას საუბნო საარჩევნო კომისიას. აღნიშნულ სიაში რეგისტრაციისთვის, მოქალაქემ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ის მისამართი, სადაც სურს გადასატანი ყუთით სარგებლობა (აღნიშნული მისამართი უნდა ფიქსირდებოდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის საზღვრებში, სადაც პირი განაცხადს აფიქსირებს).

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთის სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საკუთარ უბანზე გამოცხადება, ამავე ჩამონათვალს განეკუთვნება მომრჩეველი, ვინც საავადმყოფოსა თუ სტაციონარულ დაწესებულებაში სამკურნალოდ წევს. გადასატანი ყუთით ისარგებლებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები არიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობენ, ეს ადგილი კი, საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.

კანონმდებლობის თანახმად, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

შეგახსენებთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება დილის 09:00 საათიდან და 19:00 საათზე დასრულდება.

კვირის ამბები