საზოგადოება
28.10.2020 11:29
ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა - გახარია

ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, მოქალაქეებს მოუწოდა 31 ოქტომბერს გააკეთონ საკუთარი არჩევანი, რადგან, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. გიორგი გახარიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც რეკომენდირებულია ეპიდემიოლოგების მიერ.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. საქართველოს მთავრობამ, ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული. ამიტომ, დღეს, ყველას შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, მივიდნენ არჩევნებზე. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები