შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისთვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა, გორში, მესამე საჯარო სკოლაში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გოგა ხატიაშვილის თქმით, აქტივობები მსგავსი მოწოდებით, 18 ოქტომბერს დაიწყო და 18 დღე გაგრძელდება ანუ, სიმბოლურად იმ ასაკს დაუმთხვიეს, სადამდეც ქორწინება დაუშვებელია.
„აღნიშნული კამპანიის მიზანი, ქორწინების იძულებასთან, სექსუალურ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებთან ცნობიერების ამაღლებაა. როგორც წესი, მსხვერპლები არასრულწლოვნები არიან, დანაშაულს კი, ოჯახის წევრები ჩადიან. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება უმეტესად ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამიტომ, ამ კამპანიით, გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას“, - აღნიშნა შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა
გასულ წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.