როგორც საწოლფონდი, ისე ადამიანური რესურსი ერთნაირად გამოწვევაა, მაგრამ უფრო დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 5,2% მედიკოსია.
„როგორც საწოლფონდი, ისე ადამიანური რესურსი, ორივე ერთნაირად გამოწვევაა, მაგრამ უფრო დიდია ადამიანურ რესურსთან დაკავშირებული გამოწვევა. დღეს გვყავს 1678 ინფიცირებული მედიკოსი, ეს არის 5,2% მთლიანად ინფიცირებულებიდან, მათგან დიდი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელებულია და სამუშაო პირობებს დაუბრუნდა.
ჩვენი სამედიცინო საზოგადოება მუდმივად გადის ტრენინგს ინფექციის კონტროლის საკითხებთან მიმართებით, რათა რაც შეიძლება მინიმალურად დაზიანდეს სამედიცინო პერსონალი”, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის 45 წლის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.