გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, საფინანსო სამსახურის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, თუმცა, სამსახური პარალიზებული არ არის და თანამშრომლები დისტანციურად განაგრძობენ მუშაობას, - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„გორის მერიაში გვაქვს ორი დადასტურებული შემთხვევა, ესენი გახლავთ საფინანსო განყოფილების თანამშრომლები და მთელი სამსახური გადავიდა თვითიზოლაციაში. ბევრმა გაიკეთა ტესტი, მაგრამ ზოგი მათგანის ტესტირების საჭიროება არ დგას დღის წესრიგში, რადგანაც მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები. იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეებში აღმოაჩნდებათ რაიმე სიმპტომი, ისინიც აუცილებლად გაიტესტებიან. რაც შეეხება უკვე აღებულ ნიმუშებს, სავარაუდოდ ხვალ გვეცოდინება პასუხები“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლების კოვიდ 19-ით ინფიცირება მეგობრებთან კონტაქტს უკავშირდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერი აღნიშნავს, ყველა საეჭვო შემთხვევაში, თანამშრომლები გადადიან თვითიზოლაციაში, ამასთან, მერიის ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადეებით და შესაბამისი ინვენტარით. გარდა ამისა, მუდმივად ხორციელდება შენობის დეზინფექცია.