26.10.2020 15:12
გორის ცენტრში მდებარე ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა
ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორია, რომელიც წლების წინ გასხვისდა, დღემდე უფუნქციოდაა და ანტისანიტარიის კერას წარმოადგენს. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა, - აღნიშნულის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტოროაზე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი, სკვერი და რეკრეაციული ზონა განთავსდება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პროექტის განხორციელებას ფინანსურადაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ,,ქართუ" უზრუნველყოფს.
,,ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე, პირებზე გადაცემა. ყველას მოგეხსენებათ, გორის ცენტრში, ნაგავსაყრელად იყო ქცეული ეს ტერიტორია, მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ ამიერიდან, ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა, პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა - ახალგაზრდული ცენტრი. ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი, არაფორმალური განათლების შესაძლებლობა, განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილის მიდგომას. ეს არის დამოკიდებულება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებისა და ინსტიტუციების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ღვაწლი, განსაკუთრებული მიდგომა რომელიც ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღენიადაგ აგროვებს მისხალ-მისხალ იმ მიწებს, იმ ტერიტორიებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩუქნის სახელმწიფოს და შემდგომ ავითარებს როგორც ჩვენს შემთხვევაშია", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.