საზოგადოება
26.10.2020 13:17
პანდემია ომზე ნაკლები არ არის, საჭიროა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და დაუსაქმებელი მედპერსონალის მობილიზება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით მობილიზებას მოახდენენ სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და იმ მედპერსონალის, რომლებიც დღეისთვის დასაქმებულები არ არიან. აღნიშნულის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უკვე შედგენილია კონცეფცია იმის თაობაზე, თუ რა ძირითადი პრინციპები უნდა იცოდნენ სტუდენტებმა კორონავირუსთან მიმართებაში.
 
„რეკომენდაცია იყო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი ის კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ასევე მაღალი კურსის, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები და რეზიდენტები. (ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცნო განათლების მქონე ადამიანებზე) დღეს ჩვენ ომში ვართ. ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი და მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის და მათ შორის, სტუდენტების. „ქოლ-ცენტრით“ მართვა, ადამიანის დარიგება, რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, ანუ რა ძირითადი პრინციპები უნდა იცოდნენ მათ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმთა ასისტენტებად ისინი თავისუფლად იმუშავებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
კვირის ამბები