მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით,
უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.
„ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ასოცირდება ჩვენს ჯანმრთელობასთან. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, სიმართლეს არ შეესაბამება, სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა მისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნოთ მათ ოჯახის ექიმი და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ეს მონაცემები საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.