კულტურა
21.10.2019 14:16
„ჯაყო“ ატოცში - ცხინვალის თეატრის პერფორმანსი საოკუპაციო ხაზთან

ამ წუთებში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში, საჯარო სკოლის ეზოში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მართავს.

„არა ოკუპაციას! არა სეპარატიზმს! არა ძალადობას! არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას! - სპექტაკლი „ჯაყო“, განხორციელებულია დიდი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით, რომელშიც მაღალმხატვრულადაა ასახული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა! თეატრი მადლობას უხდის ბატონ დიმიტრი სანაკოევს და მის ადმინისტრაციას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, საპარლამენტო უმრავლესობის აპარატს და განსაკუთრებით - ბატონ გელა ზოზიაშვილს, პროექტის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულ  განცახდებას ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს.

თეატრის ხელმძღვანელის, ზაზა თედიაშვილის თქმით, იდეა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ეკუთვნის. მისივე ინფორმაციით, თეატრალური წარმოდგენები ასევე გაიმართება საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელში: დვანში: 22 ოქტომბერს, 15 საათზე; სოფელ ზემო ნიქოზში - 23 ოქტომბერს, 15 საათზე და სოფელ არბოში- 24 ოქტომბერს, 15 საათზე. დასწრება თავისუფალია.
შეგახსნეებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობებისთვის გათვალსიწინებული ბოძები დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები მიიტანეს.

კვირის ამბები