საზოგადოება
24.10.2020 12:45
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელთა სარეზერვო სიების შესადგენად რეგისტრაციას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მუნიციპალური საბავშვო ბაღების სარეზერვო სიებში აღსაზრდელთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სარეზერვო სიებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისთვის მშობლებმა სააგენტოს 26 ოქტომბრიდან უნდა მიმართონ.

„გაცნობებთ, რომ 26 ოქტომბრიდან იწყება სარეზერვო სიაში რეგისტრაცია. სარეზერვო სიიდან ბავშვების ბაღში  ჩარიცხვა იწარმოებს 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით. ამის შემდეგ სარეზერვო სია გაუქმდება. თუ ამ პერიოდში ბავშვი ვერ ჩაირიცხება ბაღში, მომავალი სასწავლო წლისთვის (2021-2022) რეგისტრაცია ხელახლა დაგჭირდებათ“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

რეგისტრაციისთვის მშობელმა (მეურვემ) უნდა მიმართოს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, მის: სტალინის 16, მეორე სართული და დაწეროს შესაბამისი განცხადება. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში სააგენტოს წარმომადგენლები დაუკავშირდებიან მშობელს, რომ წარადგინოს საჭირო საბუთები.

სააგენტო მოუწოდებს მოაქალაქეებს, ორგანიზაციაში ვიზიტისას დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები.

კვირის ამბები