23.10.2020 14:10
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი
სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი – იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.
მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალზე: www. my. gov. ge გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება.
მოქალაქეებს, ასევე, მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენა, მისი დამოწმება და დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა).
„მნიშვნელოვანია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებით პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ, შესაბამისი ვებპორტალიდან მხოლოდ კონკრეტული კოდის მფლობელ პირს შეეძლება ელექტრონული დოკუმენტის ნახვა და ჩამოტვირთვა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება და გაიცემა მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტის შექმნა“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
GMnews-ის ინფორმაციით, კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.