გორის მე-19 ბაგა-ბაღის ერთ-ერთი თანამშრომლის კორორნავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
როგორც GMnews-ს ბაგა-ბაღის დირექტორმა, რუსუდან გუგულაშვილმა განუცხადა, თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტრუდა, შესაბამისად, ბაღის თანამშრომლები კონტაქტის კონტაქტები არიან.
„მოგეხსენებათ, ჩვენს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა, რადგანაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დღესვე გახდა ცნობილი ჩვენი თანამშრომლის შვილის ტესტის პასუხიც, რომელიც, სამწუხაროდ, დადებითია. შესაბამისად, ბაღის ყველა თანამშრომელი გამოვდივართ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის კონტაქტი. მშობლები უკვე გავაფრთხილეთ, რომ ხვალ ბავშვები აღარ მოიყვანონ საბავშვო ბაღში, სანამ კონკრეტული შედეგი არ გვეცოდინება. ველოდებით ჩვენი თანამშრომლის ტესტის პასუხს, რომელიც, სავარაუდოდ, ორშაბათამდე გვეცოდინება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას რუსუდან გუგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.