საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა. რას ნიშნავს კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა და როგორ უნდა იმართოს დაავადება ბინაზე - რჩევებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით GMnews-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ამოიკითხავთ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.
პროტოკოლის თანახმად, მსუბუქ პნევმონიად განიხილება შემთხვევა, თუკი პაციენტს არ აღენიშნება მომატებული რისკი. არ არის სამოც წელზე მეტი ასაკის, აქვს სისხლის ნორმალური წნევა და პულსი, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა ჰოსპიტალში და არ მიუღია ანტიბიოტიკები. ასევე არ აქვს სხვა მწვავე სამედიცინო მდგომარეობა.
როგორ უნდა იმართოს ბინაზე კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა
პროტოკოლში გაწერილია როგორ უნდა იმართოს კოვიდპაციენტებთან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ხველების მართვისთვის რეკომენდებულია კოვიდინფიცირებული არ იწვეს ზურგზე, რადგან ამ პოზიციაში ამოხველება არაეფექტურია.
ერთ წელზე მეტი ასაკის ინფიცირებულებში რეკომენდებულია მკურნალობის მარტივი მეთოდები, მაგალითად, თაფლის ან სხვა არამედიკამენტური საშუალებების მიღება.
კოვიდისთვის, ასევე, ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია ცხელება, რომელიც ინფიცირებულს ყველაზე ხშირად მეხუთე დღიდან აღენიშნება. ასეთ დროს, პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს სითხე (არაუმეტეს 2 ლიტრი დღეში) დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად. თუ პაციენტს აქვს ცხელება ან აღენიშნება ცხელება და სხვა სიმპტომები, რომელთა შემსუბუქებაც შესაძლებელია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდის მიღებისას, პაციენტმა, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით უნდა გამოიყენოს მისი უმდაბლესი ეფექტური დოზა, სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო უმოკლესი დროით.
სუნთქვის გაძნელების მართვა
სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, რაც უფრო მეტად აუარესებს სუნთქვას. პროტოკოლის თანახმად, მხარდამჭერი მკურნალობის სახით, სუნთქვის გაძნელების მართვის მიზნით, რეკომენდებულია ოთახში სიგრილის შენარჩუნება, რელაქსაციისა და სუნთქვითი ტექნიკის გამოყენება და სხეულის პოზიციის ცვლილება. პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში მარტო, ხშირად უნდა გაანიავონ ოთახი. არ უნდა გამოიყენონ ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
პნევმონიის მართვა
პროტოკოლის თანახმად, პირისპირ გასინჯვის და სხვა ობიექტური მეთოდების გამოყენების შეუძლებლობის პირობებში, პნევმონიის დიაგნოზი მოზრდილებში შესაძლებელია დაისვას შემდეგი სიმპტომებისა და ნიშნების საფუძველზე:
სხეულის ტემპერატურა 38°-ზე მეტი, სუნთქვის სიხშირე აღემატება წუთში 20-ს, ხოლო გულისცემის სიხშირე აღემატება წუთში 100-ს და პაციენტს აღენიშნება მწვავედ დაწყებული აბნეულობა.
პროტოკოლის თანახმად, არ არის აუცილებელი საშუალო სიმძიმის პნევმონიის ჰოსპიტალიზაცია, თუ სახეზე არ გვაქვს სუნთქვის გაძნელება და დეჰიდრატაციის ნიშნები, რაც მოიცავს გაძლიერებულ წყურვილს, პირის სიმშრალეს, შარდის გამოყოფის შემცირებას, მშრალ კანს, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას.
პროტოკოლში ხაზგასმულია, რომ ანტიბიოტიკები არ უნდა დაინიშნოს სავარაუდო კოვიდ-19 პნევმონიის შემთხვევაში, როდესაც პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს. ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებისას, რეკომენდებულია, გადაწყვეტილება მიღებული იყოს ინფექციონისტისა და ოჯახის ექიმის ერთობლივი შეთანხმებით.
პაციენტმა, შეიძლება, დაასრულოს თვითიზოლაცია და ჩაითვალოს განკურნებულად, თუ მას აღარ აღენიშნება სიმპტომები და აქვს ტესტირების ორი უარყოფითი შედეგი (სულ მცირე, 24 საათის ინტერვალით აღებულ ნიმუშებზე). თუ ტესტირება შესაძლებელი არ არის, პაციენტი იზოლაციაში უნდა დარჩეს სიმპტომების ალაგებიდან ორი კვირის განმავლობაში.