საზოგადოება
21.10.2020 13:38
იგეგმება თუ არა საჯარო სკოლების დისტანცირი სწავლების რეჟიმზე გადასვლა

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური ზრდის პარალელურად, ჩნდება კითხვა, შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში და გადავლენ თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე. სოციალურ ქსელში მშობელთა ერთი ნაწილი დისტანციური სწავლების მომხრეა, ნაწილი კი - არსებული ეპიდემიოლოგირი მდგომარეობის მიუხედავად, სკოლაში სწავლის გაგრძელების.

GMnews დაინტერესდა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, განხილილება თუ არა საჯარო სკოლების კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადასვა და საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო არ იღებს და შესაბამისად, კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მოგეხსენებათ, სკოლების დაკეტვისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო არ იღებს. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. საბჭოს წევრები კი, როგორც ცნობილია, ცალსახად ამბობენ, რომ საყოველთაო ჩაკეტვა არ იგეგმება და კორორნავირუსის დაფიქსირების შესაბამისად, მოხდება ლოკალური ჩაკეტვები. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ სკოლების დახურვა იგეგმება, ჩვენც ვემორჩილებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე (გორის I, III, IX, XII, სოფლების - მერეთის, სკრის, ტყვიავის, კარბის) სკოლაა დისტანციური სწავლების მოდელზე გადასული, ზოგიერთ მათგანში სწავლების დისტანციური რეჟიმი კონკრეტულ კლასებში მოქმედებს.

კვირის ამბები