კულტურა
21.10.2019 12:07
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე წეროს ხევის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, გორის მუნიციპალიტეტში, წეროს ხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა. სპეციალისტების თქმით, ფეოდალური ხანით დათარიღებული ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ამიტომ პირველ რიგში  ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა განისაზღვრა. სამუშაოები უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. ისტორიულ ძეგლს ჩაუტარდა შემდეგი სახის სამუშაოები: კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით; გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში; გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლადდამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი. ამავე პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები შესრულდა ტაძრის ინტერიერშიც:  არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა სპეციალისტების მიერ; კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი, იატაკი კი, კირხსნარით
მოიჭიმა.

წეროს ხევის ტაძრის რეაბილიტაცია შპს „აბა ჯგუფმა“  განახორციელა.

კვირის ამბები