საზოგადოება
20.10.2020 12:50
„ისწავლე წარმატებისთვის“ - არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის გორის მერია საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს
არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ბეთლემთან ერთად პროექტს - „ისწავლე წარმატებისთვის“ ახორციელებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ზემოხსენებული პროექტი სკრის თემში მაცხოვრებელ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსწავლე-ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.
„ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით.
პროექტის I ეტაპზე მოსწავლე-ახალგაზრდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ. რაც შეეხება დასკვნით ეტაპს, დაგეგმილია საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში. საერთო ჯამში კი, პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ფარგლებში, 12-17 წლამდე ასაკის მოტივირებულმა ახლგაზრდებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები