გთხოვთ, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოვიჩინოთ მხარდაჭერა, ამ ადამიანების შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. მედპერსონალს უშუალოდ უწევს კოვიდით დაავადებული პაციენტების მკურნალობა, რისკავენ, რომ გადაარჩინონ ეს ადამიანები ან შეუმსუბუქონ მდგომარეობა, - აღნიშნულია სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ დამფუძნებლის, გია სვანაძის განცხადებაში, რომელიც ,,გორმედის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას.
,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგაწვდით ინფორმაციას ,,გორმედის“ ქსელში, როგორც კოვიდის დიაგნოსტიკის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდების მოცულობაზე.
,,გორმედის“ ქსელი, კოვიდის დიაგნოსტიკის მიმართულებით, საკვლევი მასალების და კოვიდზე აკრედიტირებული ლობორატორიების სიმძლავრეების გათვალისწინებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან რეგულირდება, აბსოლუტურად დროულად და ხარისხიანად ახორციელებს კვლევებს.
ვფიქრობ, რთული გასაგები არ უნდა იყოს, რა მოცულობის ვალდებულებების და რა რისკის ფარგლებში უწევს სამედიცინო დაწესებულებას ამა თუ იმ სერვისის მიწოდება.
,,გორმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკა გახლავთ ერთადერთი დაწესებულება რეგიონში, რომელიც ფსიქიატრიულ-ამბულატორიულ მომსახურებას ეწევა, ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც რეგიონში ფტიზიატრიულ ამბულატორიულ სერვისს აწვდის პაციენტებს, ასევე, ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც პალიატიურ ზრუნვას უზრუნველყოფს, ანუ ტერმინალურ სტადიაში მყოფ პირებს სტაციონარულ მკურნალობას და ბინაზე ამბულატორიული მომსახურების სერვისს აწვდის, მართავს 112-ზე შემოსულ ზარებს, ასევე, რეგიონში ერთადერთი სისხლის ბანკი მოქმედებს აქ, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და სხვადასხვა რეგიონის 40-მდე კლინიკას უზრუნვერყოფს სისხლის კომპონენტებით.
აღნიშნული მიმართულებების გარდა, ამჟამად, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა 52 ათას კაპიტაციური პრინციპის პენსიონერს, ბაზისურ პერსონალს, უმწეოებს და შშმ პირებს ემსახურება.
პარალელურად, ახლა, კლინიკაში, 100 ზე მეტი მძიმე სტაციონარული პაციენტი იმართება, მათ შორის, ინვაზიური კარდიოლოგიური ჩარევის, მძიმე კარდიოლოგიური შემთხვევები, ინსულტების, რეანიმაციული და მწვავე ქირურგიული, ასევე, ემერჯენს პაციენტები.
სტაციონარული პაციენტების გარდა, კლინიკა დღეს 70 მწვავე გადაუდებელ (ემერჯენსი) ამბულატორიულ შემთხვევას მართავს და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. პალალელურად, ინფექციური პათოლოგიები და ყველაფერთან ერთად, ერთადერთი დაწესებულებაა რეგიონში, რომელიც ამ შემთხვევაში ცხელების ცენტრად არის ჩამოყალიბებული და ყოველდღიურად გვიწევს საეჭვო პაციენტების მიღება.
ასევე, ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი კოვიდის კლინიკა მძიმე შემთხვევებისთვის, დამატებით, 90 საწოლზე სრულად დაიტვირთება კოვიდცენტრად ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო, რომელიც არა მხოლოდ გორის ან ხაშურის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს.
ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ვერაგი დაავადებაა, რამდენად სწრაფია გავრცელების მასშტაბები. უპირატესობა ენიჭებათ მიზნობრივ ნაკადებს, რომელთა ტესტირებაც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ეს მიზნობრივი ნაკადები კი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში - იტალიაში, ესპანეთში, ევროპის ყველა ქვეყანაში, რუსეთში, თურქეთში, აშშ-ში, გაცილებით მეტი და ჭარბია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა ამას გათვლიდა სამედიცინო პერსონალით თუ ინფრასტრუქტურით.
ამ მდგომარეობის მიუხედავად, ხდება უზრუნველყოფა, რომ პირს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ამბულატორიულად ჩაუტარდეს ტესტირება, თუმცა - განსაკუთრებული პირობით, რაც რეგულირდება შესაბამისი რეკომენდაციებით და ნორმატიული აქტებით, თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ტესტირება. უპირატესობა ეძლევათ მაღალი რისკის მქონე პირებს, ესენი არიან:
- ,,მინდა ტესტის გაკეთება“, არ არის ტესტირების საფუძველი და მიზეზი. რისკჯუფში შემავალ პირებს ენიჭებათ უპირატესობა, ამ კონტიგენტის რიცხვი კი საკმაოდ დიდია. აღნიშნული რისკჯგუფის პირების ტესტირების შემდეგ, ლობორატორიის სიმძლავრეების მიხედვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან რეგულირდება, რეზერვის არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი დამატებით ატარებს სხვა მოქალაქეებთან ამბულატორიულ კვლევებს. ამბულატორიულად გატესტვა ხდება ცოცხალი რიგის მიხედვით.
აქ, ბრძოლის ხაზი გადის მოქალაქეზე. რაც უფრო დაცული იქნება და გაითვალისწინებს ყველა არსებულ რეკომენდაციას, ამ დაავადებას გავრცელების ნაკლები შანსი აქვს. წითელი ხაზი სწორედ გადის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და პირადი უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვაზე.
ჩვენ, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, არამედ, ვალდებულები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრები და ირგვლივმყოფები დავიცვათ და მათზეც ვიზრუნოთ.
ყველას მოვუწოდებ, ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის პანდემიური სიტუაცია, ასეთი ვერაგი მტრის წინააღმდეგ, ჩვენ, სამედიცინო დაწესებულებს ბრძოლა არ გვქონია. გთხოვთ, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოვიჩინოთ მხარდაჭერა, ამ ადამიანების შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. მედპერსონალს უშუალოდ უწევს კოვიდით დაავადებული პაციენტების მკურნალობა, რისკავენ, რომ გადაარჩინონ ეს ადამიანები ან შეუმსუბუქონ მდგომარეობა. გვერდში დაუდექით სამედიცინო პერსონალს ამ ძალიან მძიმე მისიის განხორციელებაში. თუ თანაგრძნობა ან თანადგომა არ შეგვიძლია, გავიაზროთ მაინც, რა მოცულობის არის სამუშაო, რასაც ეწევა დღეს სამედიცინო პერსონალი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ,,გორმედის“ ქსელი, კოვიდის მართვის მიმართულებით, რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.