მსოფლიო კინოლოგიური კავშირის (WKU) საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარული გეგმის მიხედვით, 18-19 ოქტომბერს, თბილისში, ძაღლების საერთაშორისო გამოფენა /CAC CACIB WKU/ ჩატარდა.
აღნიშნულ გამოფენაში გორის კინოლოგიური კლუბი ,,მარკოს” წევრი ძაღლებიც მონაწილეობდნენ: გერმანული ავჩარკა ბადი, დობერმანი გრეიზი, კანეკორსო მაქსი და ფრანგული ბულდოგი გრაფი - ოთხივე კონკურსანტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ბადი, გრეიზი, გრაფი და მაქსი კონკურსიდან რამდენიმე ცაციბით, ცაცით, ბესთშოუთი, მედლებით და საუკეთესო შეფასებებით დაბრუნდნენ.
საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრულია ტიტულები _ ცაცი და ცაციბი. ცაცი არის ქვეყნის შიდა ტიტული, ხოლო ცაციბი – საერთაშორისო ტიტული. გარდა ამისა, გამოფენაზე ძაღლის რამდენიმე შეფასება არსებობს. მსაჯი ჯერ მის აღწერილობას წერს, ბოლოს კი – მის შეფასებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძაღლმა 3 ცაცი სამ სხვადასხვა გამოფენაზე, სხვადასხვა მსაჯთან უნდა მოაგროვოს და ამის შემდეგ ხდება საქართველოს ჩემპიონი, 3 ცაცით მიდის კინოლოგიურ ფედერაციაში სადაც საქართველოს ჩემპიონის სერტიფიკატს მიიღებს. ამ სერტიფიკატის მიღებისთანავე ძაღლი ავტომატურად გადადის ჩემპიონთა კლასში. ანუ მისი მოწინააღმდეგეები შემდგომ გამოფენაზე მხოლოდ ჩემპიონები იქნებიან.
რაც შეეხება ბესთ შოუს, ჯიშების მიხედვით, ყველა თავის კლასში გადის. ამ კლასში გამარჯვებული სხვადასხვა ჯიშის ძაღლები კი, შემდეგ უკვე ერთმანეთს ხვდებიან „ბესთ ინ შოუზე“.
შესაძლოა, „ბესთ ინ შოუზე“ ფრანგული ბულდოგი და კავკასიური ნაგაზი ერთად მოხვდნენ. მსაჯი ორივეს აფასებს და საუკეთესოს გამოავლენს.