სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით 33 325-მა აბონენტმა ისარგებლა. როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლებით მოქალაქეების დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა.
„დღეის მდგომარეობით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 33 325 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება“, - ნათქვამია შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა იმ ფერმებერბს შეეძლოთ, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ.