საზოგადოება
15.10.2020 14:15
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, პირბადე ვატაროთ ქუჩაშიც - ინფექციონისტების რეკომენდაცია
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე.
როგორც ენდილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული.
„კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ინფექციონისტის შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება, თუმცა, სერიოზული კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სამომავლოდაც ინტენსიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.
ღია სივრცეებში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მოუწოდებს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით კორონავირუსის წინააღმდეგ თავის დასაცავად პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვისა და ხელების დაბანაზე ეფექტიანი არაფერია.
კვირის ამბები