ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა გავაშენოთ ბაღები, ვენახები, ვიშრომოთ, რომ ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ ღირსეულად, შემდგომ - ჩვენი სოფლები, ქალაქები და ქვეყანა. სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება ისაა, რომ ამაში დაგეხმაროთ, - ამის შესახებ პრემიერმა ქართლელ ფერმერებთან მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი გახარია ადგილობრივი ფერმერების პრობლემებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი სფეროში არსებული სირთულეების იდენტიფიცირებაა: „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი ძალიან მარტივია - უნდა გავზომოთ არსებული ტემპერატურა, უნდა მითხრათ სად გიჭირთ, რა გავაკეთოთ, რომ თქვენი საჭიროებები მოვაგვაროთ. ჩემი ძირითადი ამოცანა არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ თქვენს ყოველდღიურობაში არსებული პრობლემების მოგვარებაა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში ფერმერებთან მართავს შეხვედრას. დღესვე, გიორგი გახარია პედაგოგებს, მედიკოსებს და სპორტსმენებს უკვე შეხვდა.