ახალგორის 1-ლი საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 70 წელს გადაცილებული ვერა კოტოლოვა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, გუშინ გარდაიცვალა.
კოტოლოვას ახლობლებმა რამდენჯერმე მიმართა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგორში, თუმცა მათ საშუალება არ მისცეს, რომ კოტოლოვას ოკუპირებული დაბა დაეტოვებინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ემკურნალა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ცნობილი პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების საშუალება არ მისცეს.
„ძალზე სამწუხარო ფაქტია, გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ახალგორის პირველ სკოლაში და არაერთი თაობა აღზარდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ვერა კოტოლოვას ოჯახს. კოტოლოვას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მისცეს მას უფლება, რომ დაეტოვებინა ოკუპირებული დაბა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ესარგებლა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით. კოტოლოვას გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. სამწუხაროდ, კოტოლოვა პირველი არ არის. ამ უკანონო ქმედებებით და შეზღუდვებით, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას აქვს დაწესებული, სხვა პრობლემების გარდა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტები და მოსახლეობას ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება არ ეძლევა.