საზოგადოება
15.10.2020 11:48
ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში, მშობლებს, სურვილისამებრ შეეძლებათ, ბაღში ატარონ ან არ ატარონ ბავშვები. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი შვილების ბაღში სიარულისგან თავის შეკავებას არჩევენ, ჯანმრთელობის ცნობის ან სხვა სახის დოკუმენტაციიის წარდგენა აღარ მოუწევთ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა.
„მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღებში, რვა თვის შემდეგ, უჩვეულო გარემოში პირველად განახლდა სასწავლო პროცესი. მართალია, რთულია აქ მომუშავე თანამშრომლების პირბადეებით დანახვა, თუმცა, აუცილებელი. ზედმიწევნით ვიცავთ ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ რეგულაციებს, რათა სააღმზრდელო პროცესი უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში წარიმართოს. ვულოცავ ყველა პატარას, მათ აღმზრდელებს სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებ. რაც შეეხება თავისუფალი დასწრების რეჟიმს, მშობლებს, სურვილისამებრ შეეძლებათ, ბაღში ატარონ ან არ ატარონ ბავშვები. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მათ ვისაც ბავშვის სახლში დატოვების პრებლემა არ აქვთ, შეუძლიათ ეს პერიოდი შესაგუებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ისევ ზემოხსენებული რეგულაციებიდან გამომდინარე მშობლებს ეკრძალებათ ბაღის შენობაში შესვლა, ამიტომაც თუ პატარასთან ერთად, თუნდაც ბაღის ეზოში გარკვეული დროს გაატარებენ, ბავშვს გარკვეულწილად ბაღში მისვლის სტრესს მოუხსნის“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო ჯერ 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, 12 ოქტომბრამდე გადაიდო.
კვირის ამბები