გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი დღეიდან დაიწყო. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.
აქვე გეტყვით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების მიერ შემუშავებული რეგულაციები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც: ბაღში არ დაიშვება 37 და მეტი სხეულის ტემპერატურის (სიცხის) მქონე, ხველის, ცემინების, სურდოს და რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების მქონე ბავში; ბაღის შენობაში არ დაიშვებიან მშობლები; ბაღის შესასვლელთან არ შეჯგუფდეთ და დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია სხვა მშობლებსა და ბავშვებისგან; დღის დასაწყისში, შესასვლელში ჩატარდება თერმოსქრინინგი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, იქვე მოხდება გადამოწმება ვერცხლისწყლის თემომეტრით; ტემპერატურის გაზომვა ხდება სამედიცინო, უკონტაქტო, ინფრაწითელი თერმომეტრით. მას არ აქვს არანაირი გამოსხივება და სრულიად უვნებელია; დღის განმავლობაში ბავშვის შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში მას, მშობლის მოსვლამდე გადაიყვანენ ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუკავშირდეს 112, ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით; აკრძალულია ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა; ბაღში ბავშვები არ ატარებენ პირბადეს; ბავშვის ჩვეულებრივ დროზე ადრე გაყვანის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბაღს სულ მცირე 10 წუთით ადრე, რომ შევძლონ ბავშის მომზადება; აცნობეთ ბაღს, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია სპირტის კანზე მოხვედრის შემთხვევაში (რომელიც შედის ხელის სანიტაიზერის შემადგენლობაში).
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ესენია: გორის N3, N9, N14, N15, N19, კარალეთის N1, ტყვიავისა და პატარა გარეჯვრის საბავშვო ბაღები.