13.10.2020 16:06
სადგურის დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აღსაზრდელების მისაღებად მზადაა
სადგურის დასახლებაში ახლადაშენებული საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა აღსაზრდელების მისაღებად მზადაა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არ ესწრებოდნენ ბაღში რეგისტრირებული ბავშვები და მათი მშობლები. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ღონისძიების შემდეგ დაწესებულება სათანადო წესით დამუშავდება და სააღმზრდელო პროცესს 15 ოქტომბრიდან დაიწყებს.
„სადგურის დასახლებაში არსებული მე -11 ბაგა-ბაღი, ჯერჯერობით, გორის მუნიციპალიტეტში, ლიფტის მეშვეობით სრულად ადაპტირებული პირველი საბავშვო ბაღია. შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა, ორსართულიანია და სამ ჯგუფზეა გათვლილი. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცე მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელსა დ ა სანიტარულ კვანძს, ხოლო ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის - დამატებით საძინებელ ოთახს. შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც. პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GMnews-ის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში, უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებდა, რის გამოც, ბავშვებს ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული. 15 ოქტომბრიდან კი, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას უსაფრთხო, კომფორტულ და განმავითარებელ გარემოში შეძლებს.