საზოგადოება
13.10.2020 15:46
გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება
რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ოქტომბერს დაიწყება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმაGMnews-თან საუბრისას განაცხადა.
ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება რამდენჯერმე, არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია, თუმცა, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესი აუცილებლად განახლდება სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში, გარდა იმ რვა ბაგა-ბაღისა, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენმა მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების შემოწმება წარმატებით გაიარეს, თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება სამი დღით გადაიდო და სწავლას 15 ოქტომბერს განვაახლებთ. რაც შეეხება იმ ბაღებს სადაც რემონტის პროცესი მიმდინარეობს, თითოეული მათგანი სამუშაოების დასრულებისთანავე შეძლებს სწავლის დაწყებას“ - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო ჯერ 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, 12 ოქტომბრამდე გადაიდო.
კვირის ამბები