საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 25 შიდა ქართლში დაფიქსირდა. მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში დადასტურდა.
,,ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა. აქედან, 13 დადასტურდა გორიდან გაგზავნილი 83 ნიმუშიდან, დანარჩენი კი - სხვა კლინიკებში აღებული ნიმუშების ტესტირებისას, თუმცა, ყველა მათგანის იურიდიული მისამართი შიდა ქართლია.
აღნიშნული ახალი შემთხვევებიდან, ნაწილი გორში, ნაწილი კი კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს - არის თბილისის კლასტერი, არის სააფთიაქო ქსელების - ,,ჯი პი სის“ და ,,ფარმადეპოს“ გორის ფილიალების კლასტერი, ასევე, ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება სოფელ ფლავისმანს და რამდენიმე შემთხვევაა თბილისის სამედიცინო დაწესებულების კლასტერთანაა კავშირში.
ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფიცირებულთაგან 3 არასრულწლოვანია. სკოლის მოსწავლეების დაინფიცირების გამო, ამ დროისთვის, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ფლავის საჯარო სკოლა, ასევე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლა. რაც შეეხება კიდევ ერთ სკოლას - სოფელ სამთავისის სკოლის მხოლოდ მე-11 კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
ინფიცირებულთა ნაწილი მკურნალობს ბინაზე, ნაწილი კი გადაყვანილია სტაციონარში. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს მიეცათ თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია. მთლიანობაში, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია 544 პირი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 841-მდე გაიზარდა, აღნიშნულის გარდა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102 გახდა.