ეპიდემიოლოგიური კუთხით ყველაზე სარისკო ვითარებამ აჭარიდან თბილისში გადაინაცვლა, რაც რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ორი დღის წინ განაცხადა. ენდელაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, დედაქალაქში რეგულაციების გამკაცრება მოხდეს. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი დღეს გახდება მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ახალი შემთხვევების რაოდების შესახებ ბოლო 24 საათის ინფორმაცია გამოქვეყნდება.
,,თბილისში ინფიცირების რაოდენობის ზრდა გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია. მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე საშიში თბილისია, ამიტომაც აუცილებელია, რომ მოსახლეობამ რეგულაციები სრულყოფილად დაიცვას, შესაძლოა, საჭირო გახდეს რეგულაციების გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ის 12 272 რეგისტრირებული შემთხვევაა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 6538 პაციენტი, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა 93 ადამიანი.