საზოგადოება
12.10.2020 12:42
ოქტომბრის ბოლოდან ხურვალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები უფასო ელექტროენერგიის მოხმარებას შეძლებენ

ხურვალეთის დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარე მზის ელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. GMnews-ის ინფორმაციით, დასახლებაში მზის პანელების სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასკვნით ეტაპზეა და სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან შევა ექსპლოატაციაში.

როგორც ცნობილია, ხურვალეთის მზის ელექტროსადგური 644 მზის პანელისგან შედგება და საქართველოში ყველაზე დიდი იქნება. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ელექტროსადგური 140 ოჯახს უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

„ამ დასახლებაში მცხოვრები თითოეული ოჯახი დაახლოებით 20-დან 25 ლარამდე საფასურის ელექტროენერგიას მოიხმარს. სწორედ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე გადაწყდა ამ მოცულობის მზის ელექტროსდგურის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ელექტროსადგური ექსპლოატაციაში თვის ბოლოს  გაეშვება“, - განაცხადა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოთარ ცოტნიაშვილმა.

პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობით დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 900 000 ლარია.

ცნობისთვის, პროექტი დევნილთა სააგენტოს შუამდგომლობით ხორციელდება და როგორც უწყებაში განმარტავენ, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისა თუ პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, რომ ანალოგიური მზის ელექტროსადგურები დევნილთა სხვა დასახლებებშიც მოეწყოს.  

კვირის ამბები