დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი არ დაწყებულა აჭარის რეგიონისა და იმ მუნიციპალური საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა (მათ შორის დედაქალაქის რამდენიმე ბაღში). გამონაკლისებს შორის გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 15 ოქტომბერს დაიწყება, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა.
ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია.
„ჩვენმა მუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების შემოწმება წარმატებით გაიარეს, თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება სამი დღით გადაიდო და სწავლას 15 ოქტომბერს განვაახლებთ,“ - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო ჯერ 2 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, 12 ოქტომბრამდე გადაიდო.