საზოგადოება
12.10.2020 10:30
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 297 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 297 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
ოჯახები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ, ამიერიდან მესაკუთრის უფლებებით ისარგებლებენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.
როგორც GMnews-სთვის გახდა ცნობილი, კომისიის გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში, შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
კვირის ამბები