საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 85 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი. კოვიდსასტუმროში მყოფთა რაოდენობა კი 1393- ს შეადგენს.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა კლება შეინიშნება აჭარაში, ინფიცირებულთა რაოდენობით ამჟამად პირველ ადგილზე თბილისია.
„ახლა, პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა და თბილისში არის 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში საბედნიეროდ, კლებაა. მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და გახლავთ ახალი 172 შემთხვევა, მესამე ადგილზე კვლავ იმერეთია - 117 შემთხვევით. სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 პაციენტი, გურიასა და შიდა ქართლში 7-7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 4 , კახეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 “, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.