შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ყველა ინფიცირებული გორიდანაა - სიმონ გულედანი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტიდანაა, - აღნიშნულის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.
გულედანის ინფორმაციით, მოკვლეულია კონტაქტები და ყველა პირი გადასულია თვითიზოლაციაში.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, დადასტურდა კორონავირუსის 6 დადებითი შემთხვევა. ორი შემთხვევა არის „ჯი პი სი“ აფთიაქის კლასტერი, 4 შემთხვევაში კი, ინფიცირების წყარო დაუდგენელია. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მოძიებულია კონტაქტები, რომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.
ამ ეტაპისთვის, რეგიონში გვყავს 71 ინფიცირებული პირი. 17 გადის მკურნალობას სახლში, დანარჩენები კი - ჰოსპიტალში. თითოეულის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე, კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ არასრულწლოვანს, იგი სკოლის მოსწავლეა. კლასი, სადაც ეს ბავშვი სწავლობდა, გადასულია ონლაინსწავლებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას არსებული რეკომენდაციები და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანობაში, კორონავირუსის 10 225 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი, საქართველოში კოვიდ 19-ის 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა.