საზოგადოება
08.10.2020 11:25
ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა, ცნობილი გახდა კვლევის შედეგიც

ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად გორში, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა, - ეს განცხადება  ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. ლაზარაძის ინფორმაციით, ცნობილი გახდა აღებული ნიმუშების ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც.  

,,ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, გორში,  კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, დასრულდა.  ასევე, ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგი, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი - ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, - აღნიშნა ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.  

შეგახსენებთ, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. კლინიკაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება.

კვირის ამბები