ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციასა და კარანტინში. შესაბამისი დადგენილება დღეიდან ამოქმედდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტირებულმა პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.
„გუშინდელი რიცხვით დამტკიცებულია განკარგულება, რომლის მიხედვითაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი ტესტირების გარეშე, დაუყოვნებლივ, გადადის თვითიზოლაციაში და 12 დღის შემდეგ თუ ის არის უსიმპტიმო, ყოველგვარი ტესტის გარეშე არის თავისუფალი. მაგრამ თუ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაეწყება რამე მსუბუქი სიმპტომიც კი, როგორიც არის დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან ოდნავ სუნთქვის გაძნელბა, მან აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, ასეთ შემთხვევაში იგი ექვემდებარება აუცილებელ PCR ტესტირებას. თუ ტესტსი პასუხი იქნება დადებითი, შემდგომ მისი მართვა მიმდინარეობს შესაბამისი პროტოკოლით, როგორც ინფიცირებული ადამიანის,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.