ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტები გადაეცემათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტის სახით ფულადი თანხები გადაეცემათ.
GMnews-ის ინფორმაციით, დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და პროექტის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
ამ დროისთვის, 125 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უკვე შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი, 4000 ლარს შეადგენს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.