კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, დეტალურად იქნა შესწავლილი სახელფასო ფონდი და კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე პროცესში ჩართული ექიმების სხვადასხვა ჯგუფად დაიყოფა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორონავირუსის მართვის პროცესში. დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ დავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების და თერაპევტების რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში.
დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.