მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსზე „მწვანე ჯილდო“ მარიკა ვართუმაშვილს გადაეცა
გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს მარიკა ვართუმაშვილს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსზე „მწვანე ჯილდო“ გადაეცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული კონკურსანტი ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დააჯილდოვა. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდოსთან“ ერთად, მარიკა ვართუმაშვილს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
„ჩვენი სამინისტრო უკვე მეოთხე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის -„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“-ს იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. ამიტომ სამინისტრო გადასცემს „მწვანე ჯილდოს“ სწორედ იმ პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
GMnews-ის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ზემოხსენებული დაჯილდოების მასშტაბურ ცერემონიაში და სამინისტროს სახელით „მწვანე ჯილდოს“ გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც განხორციელებული აქვს ნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები.