კლინიკა ,,იავნანაში", ინტოქსიკაციის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში, დღის განმავლობაში, ინტოქსიკაციის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია ლაზარაძის ინფორმაციით, დილის 10 საათიდან 16 საათამდე სამედიცინო ცენტრს მხოლოდ 10-მა პაციენტმა მიმართა.
,,6 ოქტომბერს, დილის ათი საათიდან თექვსმეტ საათამდე, კლინიკას მომართა სულ ათმა პაციენტმა, გულისრევა- პირღებინება-მუცლის ტკივილის სიმპტომებით. ნაკადი არის მკვეთრად შემცირებული გუშინდელთან და გუშინწინდელთან შედარებით. სტაციონარში დღეს შემოსული პაციენტებიდან არავინ განთავსებულა, ყველას გაეწია გადაუდებელი დახმარება და გაწერილები არიან ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში. სტაციონარში ამჟამად რჩება 24 ბავშვი, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ლია ლაზარაძემ.
შეგახსენებთ, 3 დღის განმავლობაში, ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკას სულ 111-მა პაციენტმა მიმართა, მათი ასაკი 1-დან 16 წლამდეა. არაოფიციალური ვერსიით, ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად მშობლები წყლის დაბინძურებას ასახელებდნენ, თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჯერ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, შემდგომ კი გორში, სხვადასხვა ლოკაციიდან აღებული სასმელი წყლის ნიმუშებზე ჩატარებული ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.