საზოგადოება
06.10.2020 13:00
ველოდებით წყლის 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ - სიმონ გულედანი

ველოდებით წყლის 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

სიმონ გულედანის ინფორმაციით, კლინიკებს ინტოქსიკაციის ნიშნებით მოქალაქეებმა იმ დასახლებებიდანაც მიმართეს, სადაც სასმელი წყლის მიწოდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ არ ხდება.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან პირველადი ანალიზის შედეგებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პირველადი კვლევის შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა წყლის დაბინძურება. ველოდებით 24-საათიან ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის პასუხს, რომელიც გვექნება დაახლოებით 2 საათში და ამ დასკვნის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებს მიმართეს როგორც კომბინატის, ასევე ქალაქის სხვა უბნებისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებელებმაც, სადაც არ ხდება სასმელი წყლის ოპერირება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. ასე რომ, დაველოდოთ კვლევის შედეგებს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები