საზოგადოება
06.10.2020 11:26
„იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით შემოსულები არიან როგორც კომბინატის, ასევე, ქალაქის სხვა უბნებისა და სოფლების მცხოვრებლებიც - ლია ლაზარაძე

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გუშინ დილის 10 საათიდან ამ დრომდე, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ს 53-მა პაციენტმა მომართა, - ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა.

ლაზარაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, გუშინ დილის 10 საათიდან ამ დრომდე, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დედათა და ბავშვთა სამედიცინო  ცენტრ „იავნანა“-ს 53-მა პაციენტმა მომართა, მათგან ნაწილს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა ბინაზე, ნაწილი კი, „იავნანა“-ს პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

პაციენტების დიდი ნაწილი შემოსულია კომბინატის დასახლებიდან, ასევე, არიან მოზარდები ქალაქის სხვა უბნებიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც.

ამ დროისთვის, კლინიკის სტაციონარში ბაქტერიული გასტროენტერიტის დიაგნოზით, 26 პაციენტი რჩება. არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა დამატებითი გართულებები. ყველა პაციენტის შემთხვევაში მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

შეგახსნებთ რომ გასული სამი დღის განმავლობაში, ,,გორმედის" ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით მოზარდები შეიყვანეს. არაოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზად წყლის დაბინძურება სახელდებოდა, თუმცა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.

კვირის ამბები