გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას:
,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, 3-4 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მომართა 48 პაციენტმა. პაციენტების ასაკი 1-დან 16 წლამდეა. აღნიშნული მოზარდებიდან 16 მოთავსდა სტაციონარში, დანარჩენ 32 ბავშვს კი გაეწია შესაბამისი მომსახურება და ყველა მათგანმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სტაციონარში მოთავსებულებს, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის, ძირითადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება 5 ოქტომბერს, დღეს, 16 საათის მონაცემებით, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ,,იავნანას“ 18-მა პაციენტმა მომართა, მათგან მხოლოდ 1 მოთავსდა სტაციონარში, 17 მოზარდს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათგან 12-მა კლინიკა უკვე დატოვა.
მთლიანობაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრიულ განყოფილებაში, 16 საათის მონაცემებით, ბაქტერიული გასტროენტერიტით მოთავსებულია 17 პაციენტი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, - ნათქვამია განცხადებაში.