საზოგადოება
05.10.2020 16:37
ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს - აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კვლავ გრძელდება წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევა, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.

„ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. ამავდროულად, კვლავ გრძელდება წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევა, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან, რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

სათავე ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე“, - ნათქვამი აგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, რომ გასული ორი დღის განმავლობაში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრები 50-მდე მოზარდი, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ინტოქსიკაციის ნიშნებით დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანა“-ში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მოზარდების ინტოქსიკაცია დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია.

კვირის ამბები