გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დღეიდან დაიწყო. 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე 146 სტუდენტი ჩაირიცხა, რომლებიც პროფესიული განათლების მიღებას შემდეგი მიმართულებებით შეძლებენ: საექთნო განათლება - ხანგრძლივობა 3 წელი; ფარმაცია (სააფთიაქო) - ხანგრძლივობა 2 წელი; აღმზრდელი - ხანგრძლივობა 2 წელი; საფინანსო სერვისები - ხანგრძლივობა 1 წელი; კომპიუტერული ქსელი და სისტემები - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; აზომვით ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა - ხანგრძლივობა 1 წელი; საბიბლიოთეკო საქმე - ხანგრძლივობა წელიწადნახევარი; რძის პროდუქტების წარმოება - ხანგრძლივობა 2 წელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიული განათლების მიღება საჯარო კოლეჯებში სრული, ცალკეულ კერძო კოლეჯებში კი, ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, სტუდენტები სახელმწიფოს დაფინანსებით დაეუფლებიან სასურველ პროფესიას. ამასთან, რეგისტრაციის დროს, აპლიკანტებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს მასშტაბით 34 საჯარო პროფესიული დაწესებულების 120-მდე პროგრამიდან მათთვის სასურველზე გააკეთებინათ არჩევანი.