ადგილი, საიდანაც კომბინატის დასახლებას სასმელი წყალი მიეწოდება, აბსოლუტურად დაცულია, თუმცა, სინჯების აღება მაინც მოხდა - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თითქოს, სათავე-ნაგებობის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ლეში იპოვეს, რაც შესაძლოა, ინტოქსიკაციის წყარო გახდა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აღნიშნული არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.
„ადგილი, სათავე ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ვარიანში და უზრუნველყოფს კომბინატის დასახლების სასმელი წყლით მომარაგებას, აბსოლუტურად დაცულია, ამ ადგილს ჰყავს დარაჯიც და ტერიტორიაზე პირუტყვის შესვლა, ან წყლის გამანაწილებელ რეზერვუარებთან მოხვედრა შეუძლებელია. ვვარაუდობთ, რომ მოზრდების ინტოქსიკაციასთან წყალი კავშირში არ არის, თუმცა, უნებრივია, უკვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და წყლის კომპანიის მიერ აღებულია სინჯები“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.
შეგახსენებთ, რომ გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანა“-ში ინტოქსიკაციის სიმპტომებით 1-დან 14 წლამდე ასაკის 48 მოზარდს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ყველა პაციენტი გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მცხოვრებია.