გორის მუნიციპალიტეტის მერია იმ სტუდენტებს დააჯილდოებს, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულა აიღეს და 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. მერიის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს ადგილობრივ თვითმმართველობაში განაცხადის გაკეთებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარსადგენად ვადა 21 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა წამატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა 2020 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.
„აღნიშნული პროგრამითა და მერიის შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტების წარსდაგენად დაინტერესებულმა პირებმა გორის მერიას 21 ოქტომბრის ჩათვლკით უნდა მიმართონ. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით იყო გამოცხადებული, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ვადა გახანგრძლივდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმარეთეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 85 17 47.